„ოცნება" ენმ-ს და უკრაინას EURONEST-ში რეზოლუციის ინიციირების ჩაგდებაში ადანაშაულებს

პუბლიკა
content image

„ქართული ოცნების“ წევრების მტკიცებით, EURONEST-ში ვერ მოხერხდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ინიციირება, რაც ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის ბრალია.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატის გარდა, იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის 4 წარმომადგენელი”.

რეზოლუციის ინიციირებისთვის საჭიროა 10 ხელმოწერა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირწმუნება, მათ ოპოზიციის წევრებს ხელმოწერა არაერთხელ სთხოვეს. თუმცა, უშედეგოდ. მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტის ინიციირებას მხარი არც უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

„ქართული ოცნების“ 5 დეპუტატისა და მოლდოვის დელეგაციის 3 დეპუტატის  მხარდაჭერა არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეას განეხილა და მიეღო ეს რეზოლუცია.

„მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებისათვის გვეჩვენებინა ევროკავშირში გაწევრების საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია, მიუხედავად ჩვენი ასეთი დაპირისპირების, რაც, როგორ ჩანს, ქართული რადიკალური ოპოზიციის მიზნებში არ ჯდება”. – თქვა მამუკა მდინარაძემ.

ენმ-მ მდინარაძის განცხადებას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ EURONEST-ის ბიუროზე რეზოლუციის ინიცირება ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ჩავარდა, „ვინაიდან EURONEST-ის ბიუროზე საქართველოს მხოლოდ მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენს და არავინ ოპოზიციური პარტიებიდან”.

„EURONEST-ის 110 წევრიდან (60 ევროპარლამენტარი, 50 მონაწილე ქვეყნების დეპუტატი) რეზოლუციის ინიციირებისთვის 10 წევრის ხელმოწერაა საჭირო, რაც მაკა ბოჭორიშვილმა ვერ შეაგროვა. […] ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმა ვერ მოიპოვა ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა, იმ ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რასაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დგამს”. – წერია ენმ-ის განცხადებაში.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, უკრაინელი დეპუტატის, ვოლოდიმირ არიევის განცხადებით, ისინი რეზოლუციის ინიციირებას ხელს ვერ მოაწერდნენ, საქართველო რუსეთს დასავლური სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.

„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიყავით ხმის მისაცემად, მაგრამ არ ვართ მზად, ამის თანაავტორები ვიყოთ ქართული პოლიტიკის გამო. რა თქმა უნდა,  შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ ამას, ჯერჯერობით, არ გავაკეთებთ, ვიდრე საქართველო დასავლური სანქციების გვერდის ავლით რუსეთის მუდმივი მხარდამჭერი იქნება. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ამაზე სათანადოდ უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ“. — თქვა ვოლოდიმირ არიევმა [რუსთავი 2-ის თარგმანი].

EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტის (ა60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელარუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება.

მისი თანაპრეზიდენტები და ბიუროს ხელმძღვანელები არიან: უკრაინელი ივან კრულკო, რომელიც წარმოადგენს აღმოსვლეთ პარტნიორობის კომპონენტს და ანდრიუს კუბილიუსი, ლიეტუვა –რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტს და მის ყველაზე მსხვილ პარტიას – EPP-ს.