„ოცნება” გორის საკრებულოს დეპუტატმაც დატოვა

პუბლიკა

გორის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა, აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა და მმართველი პარტია დატოვა. მისი თქმით, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მხრიდან კითხვებზე პასუხის ნაცვლად შეურაცხყოფა და უპატივცემულობა დაინახა.

„ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს… მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინე კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივმცემულობა. ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანას. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო“, – აცხადებს ის.

მისი თქმით, ის უერთდება კოლეგების მოწოდებას და ტოვებს პარტია „ქართულ ოცნებას“ და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შეძლოს ყველაფერზე საუბარი და მის თანამოაზრეებთან ერთად „არავის მისცეს საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ქვეყანა ომის ქარცეცხლში“.

დღეს, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის, ჭიათურის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოების წევრებმაც დატოვეს.