„ოცნების“ პარალამენტში დაინიციირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან ტერმინ გენდერის და გენდერული იდენტობის ამოღებას.
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს ეცვლება სათაური – „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“.
ტერმინი „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები „გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვლება სიტყვებით „სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, „საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებები“, ქართულ კანონმდებლობაში კი ამ დრომდე „უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლობის აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის გენდერის დანერგვა“.
დოკუმენტში წერია, რომ „აღნიშნული წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს და სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა აღნიშნული ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით პრინციპული პოზიციის დაკავება.“
ამის საილუსტრაციოდ „ოცნება“ ირწმუნება, რომ აშშ-ში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს აუკრძალა „ქალბატონებო და ბატონებოს“, „დედ-მამის“ და მსგავსი ტერმინების გამოყენება და მოუწოდა გენდერულად ნეიტრალური სიტყვების გამოყენებისკენ.
„თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, სულ უფრო მეტად გააქტიურდა საუბარი აღნიშნული ხელოვნური პროცესის არაკეთილსინდისიერი მოტივებისა და მართულობის შესახებ. ცხადი გახდა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოპოვების პრაგმატული გათვლა“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონმდებლობიდან ტერმინ „გენდერის“ გაქრობის ინიციატივა „გირჩს“ 2023 წელს ჰქონდა. პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივა ანტიდისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონების გაუქმებას ითვალისწინებდა.
მათი პაკეტი სთავაზობდა პარლამენტს, ცვლილებები შესულიყო 6 სხვადასხვა კანონში და ამოღებულ ყოფილიყო ტერმინი გენდერი, მათ შორისა იყო „მაუწყებლობის შესახებ კანონის“, პარლამენტის რეგლამენტის, „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“, სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებშიც სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაზეა საუბარი.
2023 წლის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ინიციატივა „სრული მავნებლობა და არასწორი ინტერპრეტაციაა“. მისი თქმით, კანონმდებლობით, გენდერული თანასწორობა განისაზღვრება, როგორც ქალებს და კაცებს შორის თანასწორობა.
2024 წლის 17 სექტემბერს „ოცნებამ“ საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური პაკეტი, სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. კანონით განიმარტა, რომ „ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი, ხოლო მამაკაცი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი“. სწორედ ამ ცვლილებას ასახელებს „ოცნება“ ახალი ინიციატივის ერთ-ერთ საფუძვლად.