„ოცნება“ მართვის მოწმობას დაუბრუნებს პირებს, რომლებსაც ის 10 დეკემბრამდე ჩამოერთვათ

პუბლიკა

„ოცნების“ პარლამენტი მართვის მოწმობას დაუბრუნებს იმ პირებს, რომლებსაც ის 10 დეკემბრამდე ჩამოერთვათ, ამავე დროს, უქმდება მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიციირებული ცვლილებების თანახმად, მართვის მოწმობები ერთჯერადად დაუბრუნდებათ იმ პირებს, რომლებსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე მართვის მოწმობა ჩამოერთვათ იმის გამო, რომ საჭესთან ალკოჰოლის მიღების შემდეგ ისხდნენ, ან იმის გამო, რომ მიატოვეს შემთხვევის ადგილი და/ან არ დაემორჩილნენ პოლიციელის მოთხოვნას, გაეჩერებინათ მანქანა.

საკანონმდებლო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს.

„ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე ან/და 123-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდეს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან“, – ნათქვამია კანონპროექტში.

გარდა ამისა, ინიციირებული ცვლილებების თანახმად, მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ და ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერადად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45/1 ან/და 115/2 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

  • ასკ-ის 45-ე მუხლი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას.
  • 45/1 მუხლი გულისხმობს კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას, მოხმარებას ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას.
  • მუხლი 115​/2. სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება.

კანონპროექტის თანახმად, იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1 იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.

ჩამორთმეული მართვის მოწმობების დაბრუნება 2026 წლის 1 თებერვლამდეა გათვალისწინებული. სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

კანონპროექტში წერია, რომ მართვის მოწმობის დაბრუნების მიუხედავად, პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა სახდელდადებულად.

განმარტებით ბარათში მოყვანილია სტატისტიკა:

დღეის მდგომარეობით შეჩერებულია სულ 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის:

  • ალკოჰოლური თრობის საფუძვლით — 18 310;
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134;
  • ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3 504;
  • ქულების ამოწურვისთვის — 781;
  • სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327;
  • სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო — 11 389.

ამავე დროს, ინიციირებული ცვლილებებით, უქმდება კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს.

ამ დრომდე მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა, მართვის უფლება ვადაზე ადრე აღედგინა, თუ ის ხელახლა ჩააბარებდა გამოცდას ან გადაიხდიდა კონკრეტულ თანხას ჩადენილი სამართალდარღვევის შესაბამისად. ასევე, ჰქონდა უფლება, აღედგინა მართვის მოწმობა, თუ ნებაყოფლობით აანაზღაურებდა დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს და გასული იყო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევარი, ჩააბარებდა გამოცდას და გადაიხდიდა გარკვეულ თანხას.

ამ შესაძლებლობების გაუქმება განმარტებით ბარათში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევებია დასახელებული, რომლებიც „სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს“.