საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი „ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ის ხელისუფლებაში იქნება და „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადაინაცვლებს, მზად არის, მათთან ითანამშრომლოს.
„არანაირი სიმპათია არ მაქვს ივანიშვილის მიმართ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მტერია, მაგრამ მიყვარს ჩემი ხალხი, მიყვარს ჩემი ქვეყანა. საქართველოს არ აქვს უფლება მუდმივად წარსულზე ინადიროს, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მონახოს გაერთიანების და წინ წასვლის ძალა, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა.
მათი პოლიტიკური ძალა გადავა ოპოზიციაში, იქნება ცივილიზებული ოპოზიცია და ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ ყველა საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენ დღეს რაღაცებს გვეძახიან და უბრალოდ ნადირობენ ბევრ ჩვენგანზე. მაგრამ ეს ჩაბარდება წარსულს, ჩვენ ნამდვილად არ ჩავიდებთ გულში წყენას, გვინდა მათთან თანამშრომლობა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციასთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.