„ოცნება" პროტესტს საფეხმავლო გზაზეც ზღუდავს - აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც

პუბლიკა

„ხალხის სავალი ადგილი” – „ქართული ოცნების“ პარლამენტი აქციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას კიდევ ამკაცრებს და საფეხმავლო გზის ხელოვნურად გადაკეტვას სამართალდარღვევად აცხადებს. 

პარლამენტში ინიციირებულია ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც:

– თუ აქცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებსაუცილებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება. 

მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით აღნიშნულ ჩანაწერში ჩამატებულია „ხალხის სავალი ადგილი”. 

– აქციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულო იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პასუხისმგებელმა პირმა შეიტანოს სათანადო ხელმოწერილი გაფრთხილება;

– შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, გონივრულ ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს ამ მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილება;

– შსს-მ ასევე საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს შეთავაზებული ალტერნატიული დრო ან/და ადგილი ან სვლაგეზითუ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

– გაფრთხილება აქციის ორგანიზებისა და ჩატარებაზე საპატრულო პოლიციაში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული აქციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

– სპონტანური აქციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში დასაშვები იქნება, რომ გაფრთხილება საპატრულო პოლიციაში შევიდეს ამ ვადის დაუცველად, გონივრულ ვადაში. 

– შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში (სპონტანური აქციის მიმდინარეობისას, ადგილზევე) განიხილოს აქციის ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, მისცეს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითება.

– სავალდებულო მითითებით შეიძლება განისაზღვროს აქციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, ასევე ალტერნატიული სვლაგეზი;

– სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას.

„ხალხის სავალი ნაწილის” გადატეკვა

– დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს აქციის მონაწილეთა რაოდენობა.  [კანონპროექტით, ამ მუხლში ჩამატებულია ხალხის სავალი ნაწილი]. 

– ასეთ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნისა და ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ.

– ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილი იქნება, მიმართოს აქციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს, რომ – თუ გზა 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნა, მთლიანი აქცია უკანონოდ ჩაითვლება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ.

– გაფრთხილების მიღებიდან დაუყოვნებლივ ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს აქციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის, ხალხის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობა.

– აქციის მონაწილისათვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ თუ ეს მონაწილე ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა არ ჩაუდენია. აქციის ეს მონაწილე კანონდარღვევის ჩადენის მომენტიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება.

ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

– ხალხის სავალი გზის „ხელოვნურად” გადაკეტვა, პოლიციის „სავალდებულო მითითების” შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არ მიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე.

– თუ ამ მუხლით სახდელდადებული პირი იგივე ქმედებას ჩაიდენს, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგბელობა დაეკისრება. სასჯელის სახედ კი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს ოქტომბერში მიღებული ჩანაწერის საფუძველზე – კერძოდ, „ხალხის სავალი ნაწილის” გადაკეტვაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ მუხლში ჩაემატა, რომელიც განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს [იგულისხმება გზის გადაკეტვისა და პირბადით სახის დაფარვის განმეორებით ჩადენის კრიმინალიზება].

„ქართული ოცნების” პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. როგორც დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, პროექტს საბოლოოდ ამ კვირაშივე მიიღებენ.