„ოცნება" რუსულ კანონს აბრუნებს

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს.

ამის შესახებ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

„საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციით მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. კანონპროექტი დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიციირებული, ერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი, გამოყენებული იქნება ტერმინი – უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია.

კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით იქნება მიღებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.

ირაკლი კობახიძე, 2023 წლის 9 მარტი:

„მე პირველ რიგში გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არასდროს არ დაინიციირდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ნაცმოძრაობაზე თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები.

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, კონკრეტულად კანონს, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი.[…] ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის ინიციირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

ირაკლი კობახიძე, 2023 წლის 29 ნოემბერი:

„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, რასაც ჩვენ ანგარიში გავუწიეთ. ყველაფრის მიუხედავად, არც მომავალში ვაპირებთ, ამ კანონპროექტს მივუბრუნდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდა. მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის აფინანსებს. იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში ევროკომისიას“.

ირაკლი ღარიბაშვილი, 2023 წლის 21 ივნისი:

„ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონს. ეს საკითხი დახურულია და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს!“.