„ოცნება“ თერჯოლისა და ახალციხის საკრებულოების წევრებმაც დატოვეს

პუბლიკა

მმართველი პარტია თერჯოლისა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვიშვილმა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საბა კბილაშვილმაც დატოვა.

ისინი ამბობენ, რომ პარტიიდან წასული სამი დეპუტატის  – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის არგუმენტებს იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ საზოგადოებამ „მეტი სიმართლე უნდა იცოდეს“.

ომარ ჯიხვიშვილი წერს, რომ „სიმართლის თქმა“ მხოლოდ რამდენიმე დეპუტატმა არ უნდა იტვირთოს და მასაც სურს, მათ რიგებში იყოს.

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების – ყველას გვახსოვს, ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა, მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, – წერს ის სოციალურ ქსელში (სტილი დაცულია).

რაც შეეხება საბა კბილაშვილს, ის ამბობს, რომ პარტიის და თანამდებობის დატოვება არ არის ადვილი, მაგრამ ვიღაცამ უნდა აიღოს თავის თავზე „უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა”.

„ვიცი, რა დღეშიც არიან ჩვენი პარტიის ლიდერები, როგორ იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, რას უძლებენ და რა სირთულეები აქვთ იმის მიღმა, რაც ტელევიზორში ჩანს.

რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ ნაცები არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს.

ფაქტი ერთია, ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა ამისთვის დაისაჯოს. ქართველებმა ზუსტად ვიცით, ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამისი თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი.

ამიტომ ვუერთდები ჩემი პატივცემული კოლეგის მოწოდებას და ვტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც. ეს არ არის არც მარტივი, მაგრამ არც ემოციური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა.

რასაც ვხვდები, ვინც პირველად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა არ ქნას, რომ მათ რაც იციან, ყველაფრის თქმა დაჭირდეთ. თუ მაინც საჭირო გახდა, მეც მათ გვერდით ვიქნები!“, – წერს საბა კბილაშვილი (სტილი დაცულია).

დღეს თანამდებობები და მმართველი პარტია დატოვეს ასევე ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ და   ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ.