„ოცნება" უარს ამბობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ „საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან”.

მახაშვილი წერილით მიმართავს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას და წერს, რომ „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო”.

„მრავალმხრივი დიალოგი, რაც ასამბლეის მონაწილეების მიერ თავის დროზე ფართოდ იყო გაზიარებული, სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა”. – ამბობს მახაშვილი და დასძენს, რომ სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული როგორც ევროპარლამენტარების, ისე მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით მათი „მტრული რიტორიკის გამო”.

„ღრმად ვართ შეშფოთებულები ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით, პლენარულ სესიაზე „სამოქალაქო საზოგადოების“ საფარით მოიწვიონ პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ არჩევნების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას”. – წერს ლევან მახაშვილი.

გასულ კვირას ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია მიანიჭა მზია ამაღლობელს. პარლამენტში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. სწორედ ამას გულისხმობს ლევან მახაშვილი. გარდა ამისა, 2025 წლის 20-23 ოქტომბერს სტრასბურგში გაიმართა ქართველი ემიგრანტების დიდი შეკრება – „ხიდები ევროპასთან”.

„ამგვარი ქმედებებისა და მათთან დაკავშირებული ძალადობისგან მკაფიო გამიჯვნის ნაცვლად, ასამბლეის ამჟამინდელი მიდგომა ლეგიტიმაციას აძლევს იმ აქტორებს, რომელთა დღის წესრიგი არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს. ამრიგად, ამ პირებისთვის პლატფორმის დათმობით ევრონესტი ნორმალიზებას უკეთებს და ხელს უწყობს ანტიდემოკრატიულ ქცევას, ასევე, ამართლებს ძალადობრივ ან რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დიალოგისა და მშვიდობის იმ ძირითად ღირებულებებს, რომელთა დაცვაც ამ ინსტიტუტის მიზანია.

ჩვენ მოვუწოდებთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას, დაფიქრდეს ლეგიტიმურ კითხვებზე და დაუბრუნდეს ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპების პატივისცემას. მხოლოდ ამგვარი გადააზრებით შეძლებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა თავისი ნამდვილი მისიის შესრულებას და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მისი მონაწილე ქვეყნებისთვის სანდო პლატფორმად ჩამოყალიბებას”. – წერს ლევან მახაშვილი თავის წერილში.

ევრონესტი ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების ერთობლივი ფორუმია.