„ოცნება“ უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების აღდგენას გეგმავს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის განათლების კომიტეტმა მისაღებად ცნო საკანონმდებლო  წინადადება უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ.

წინადადების ავტორები ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი და განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი არიან.

ავტორები „ოცნების“ პარლამენტს სთავაზობენ:

„აღდგეს წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გაუქმებული სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში. შესაბამის კანონში შეტანილი იქნეს დამატება:

„საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა“.

„ამგვარი საკანონმდებლო ცვლილება იქნება სამართლიანობის აღდგენა სახელმწიფო ენის მიმართ და სახელმწიფოს მიერ ქართულ ენაზე ზრუნვის გამოხატულება“, – ამბობენ წინადადების ავტორები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1980 წლიდან მოყოლებული ყველა უნივერსიტეტში, ყველა ფაკულტეტზე ისწავლებოდა ორსემესტრიანი ქართული ენის კურსი, 2005 წელს კი „რევოლუციის გზით მოსულმა არაეროვნულმა ხელისუფლებამ სავალდებულო საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“ გააუქმა“.

„ეს იყო ნაწილი იმ დანაშაულებრივი ღონისძიებებისა, რომლებიც იმ ხელსუფლებამ ჩაიდინა სახელმწიფო ენის მიმართ (დახურეს ენის სახელმწიფო პალატა; გააუქმეს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია; პარლამენტში გააუქმეს სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი; დაიხურა ყველა რადიო და ტელეგადაცემა ქართული ენის შესახებ; დაიხურა ყველა ჟურნალ-გაზეთი ქართული ენის შესახებ; სკოლაში შემცირდა ქართული ენის საათები…)“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

საკანონმდებლო წინადადება განათლების კომიტეტზე 14 აპრილს განიხილეს და მისაღებად ცნეს.

„მართლაც შოკისმომგვრელია ის ჩამონათვალი, რომელიც თქვენ თქვენს მოხსენებაში წარმოადგინეთ, თუ როგორ ხდებოდა მიზანმიმართულად ქართული ენის წინააღმდეგ სახელმწიფო-პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღება და მართლაც როგორი მავნებლური, დამაზიანებელი და მიზანმიმართული იყო ეს პოლიტიკა“, –  კომიტეტის სხდომაზე მიმართა გივი მიქანაძემ გიორგი გოგოლაშვილს, წინადადების თანაავტორს.

საკანონმდებლო წინადადების მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივა უნდა მოამზადონ, რომელსაც განიხილავენ და კანონის სახეს მისცემენ.

„ოცნების“ წევრებმა წინადადების კანონად ქცევას 14 აპრილს კომიტეტის სხდომაზე და 15 აპრილს პლენარულ სხდომაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„20 წლის წინ მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება. ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს გადაწყვეტილება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში შევცვალოთ.

ორიენტირი გვაქვს, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის, უკვე სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.