„ქართული ოცნება“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში წინა კვირას დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს ისევ აზუსტებს – ინიციატორის განმარტებით, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილავენ კანონში ახალ ცვლილებებს, რომელთა შორისაა ის მუხლებიც, რომლებიც წინა კვირას შეიცვალა.
კერძოდ, მუხლში, რომლითაც სასამართლოს ეზოში, შენობასა და სხდომის დარბაზში მედიას ფოტო-ვიდეოგადაღება შეეზღუდა, გორდულაძის განცხადებით, გამორჩათ აუდიოჩაწერის შეზღუდვაც.
„რაც შეეხება 13 პრიმა მუხლის მეორე პუნქტს, რომელშიც ახალი რეგულაციებია როგორც ეზოში, ასევე სხდომის დარბაზში და შენობაში ვიდეოგადაღებებთან დაკავშირებით, აქაც მისათითებელია აუდიოჩანაწერი და შესაბამისად აუდიოჩანაწერიც იქნება შესაბამისად დარეგულირებული და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლება იუსტიციის საბჭოს ყოველ კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით.
ლოგიკურიცაა, თუ ვიდეო-ფოტოგადაღებასთან რეგულაციაა, აუდიოსთან დაკავშირებითაც უნდა იყოს. ეს უბრალოდ გამორჩენილია ტექსტში და ამის დაზუსტება ხდება“, – განაცხადა გორდულაძემ.
წინა კვირას მიღებული ცვლილების შედეგად კანონში ჩაიწერა, რომ „სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი“
სწორედ ამ ნაწილში ჩაამატეს აუდიოჩაწერის შეზღუდვა.
დღეს პირველი მოსმენით მიღებულ რედაქციაში წერია:
„სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.“
გარდა ამისა, 26 ივნისს მიღებულ რედაქციაში ეწერა, რომ „სასამართლო სხდომის ვიდეო- და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.“
დღეს პირველი მოსმენით მიღებულ რედაქციაში ამ ნაწილს ფოტოგადაღებაც დაემატა. ამიერიდან იუსტიციის საბჭოს შეეძლება ფოტოგადაღებაზეც გასცეს ნებართვა.
„სასამართლოში ფოტო-, კინო- ვიდეო- და აუდიოჩაწერა, ასევე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით“, – წერია ახალ ცვლილებაში.
გარდა ამისა, კანონში აბრუნებენ მუხლს, რომელიც წინა კვირას ამოიღეს.
„წინა კვირაში მივიღეთ ცვლილებები კანონში, რომელსაც ერთი ტექნიკური საკითხი, საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით არასწორად იქნა ჩამოყალიბებული და ხარვეზის გასწორებას ვახდენთ… ეს ეხება 37-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც ამოღებულ იქნა, მაგრამ ეს არ ყოფილა არც ინიციატორების, არც კომიტეტის და არც პარლამენტის მიზანი“, – განაცხადა გორდულაძემ.
შედეგად, კანონში დაბრუნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებული იყოს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.
ზუსტდება, რომ მოსამართლეების ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხს გადაწყვეტს იუსტიციის საბჭო, ნაცვლად იუსტიციის საბჭოს მდივნისა.
„ჩვენ მიერ წინა კვირაში განხილული და მიღებული ცვლილებებიდან გამომდინარე რიგი საკითხების კორექტირება ხდება, არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებას, რაც ეხება რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში რომელი მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამასთან დაკავშირებით ცვლილებაში ჩაიწერა, რომ მის მოვალეობას შეასრულებს მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი მოსამართლე.
წინა კვირას მიღებულ კანონში ამ მუხლთან დაკავშირებით ეწერა, რომ მოვალეობის შემსრულებელი მოსამართლის ვინაობას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გადაწყვეტდა.
გარდა ამისა, ცვლილების მიხედვით, მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა, შეიძლება გამოყენებულ იყოს, როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.
კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. მას საბოლოოდ ხვალინდელ სხდომაზე ორი კენჭისყრით მიიღებენ.