„ქართული ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტი დააინიციირა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მედიას გააცნო, რას შეეხება კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.
„ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.
პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის ½-ით შემცირება; სასჯელის ¼-ით შემცირება; სასჯელის 1/6-ით შემცირება; და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით სიახლის სახით არის გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა წრეს, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს.
ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
„თუ საუბარია ისეთ პირებზე, ვისაც აქვს დაზიანებული სხვისი ნივთი და ეს ნივთი აღემატება 150 ლარს, რაცაა ზღვარი დღეს სსკ-ის მიხედვით, აქაა განსხვავებული მიდგომები რა საკვირველია, მაგრამ ასეთ შემთხვევებში აუცილებელია თანხმობის მექანიზმის ჩადება და ესაა უნივერსალური წესი, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებასთან დაკავშირებით აისახება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მანვე დააზუსტა, რომ კანონპროექტში წარმოდგენილი არც ერთი მუხლი არ შეეხება მიხეილ სააკაშვილს.