BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა.
საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად, სავარაუდოდ, I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
„ფორმულასთან“ BBC-ის სპიკერი ამბობს, რომ საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი გასცეს და ისინი „მხარს უჭერენ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ჟურნალისტიკასა და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ“.
საკითხზე კომენტარი გააკეთა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც BBC-ის დაბრუნებულ პასუხზე დეტალურად არ საუბრობს და ამბობს, რომ კვლავ გაასაჩივრებენ.
„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი. მათ წინასწარვე ჰქონდათ პოზიცია გამჟღავნებული, რომ ისინი არ აპირებენ, გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც ეს არის ასახული.
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, მივყვებით ამ პროცედურებს, იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ შიდა რეგულაციის მეორე დონეზე.
რა თქმა უნდა, BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, რომ შემდეგ საკუთარ თავს დააბრალებდნენ რამეს.
მივყვებით პროცედურებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც რომელიმე უცხო სახელმწიფო ან ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, დამარცხდა. აქაც ნახავთ მათ მწარე მარცხს.
როდესაც ჩვენ მათ მივმართეთ საჩივრით, სანამ საჩივარს გაეცნობოდნენ და დაფიქრდებოდნენ პირველი რეაქცია იყო – არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტს. მათ გაამხილეს, რომ შიდა გასაჩივრების სისტემა, რაც ბრიტანეთში არსებობს, არის ფარსი. არანაირი შედეგი არ აქვს…“, – თქვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ ასაჯაროებენ BBC-ის პასუხს, პაპუაშვილმა თქვა:
„ჩვენ ვართ შესული სამართლებრივ დავაში, რომელსაც თავისი პროცედურები აქვს, ჩართული არიან იურისტები. მე დეტალებში არ შევალ. მთავარი არის ერთი რამ, ისინი არიან მტყუანები და ჩვენ ვართ მართალი. ეს დადასტურდება.
თუ არ ვცდები, სამკვირიანი ვადაა, რომ მათი პასუხი გავასაჩივროთ ისევ BBC-ში. ასეთი აბსურდული წესები აქვს ბრიტანეთს, სასწაულია პრინციპში… გასაჩივრებისას პირველი დონე იყო, რომ თვითონ რედაქციამ განიხილა და მეორე ეტაპია – სარედაქციო კოლეგიას დამატებული კიდევ ვიღაც გარე პირები, რომლებიც ასევე BBC-ის შიგნით არიან…
პასუხი არ მოგვეწონა კი არა, რაც უფრო გაძალიანდებიან, მით უფრო დააზიანებენ საკუთარ თავს“.
15 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 14 იანვარს პარტიის სახელით ოფიციალურად მიმართეს BBC-ის.
პაპუაშვილის მტკიცებით, ნოემბერ-დეკემბრის აქციების შესახებ მომზადებულ ფილმში BBC მცდარ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებს.
„ოცნებას“ საჩივრით მოთხოვნილი აქვს ფილმის და მასთან დაკავშირებული მასალების აღება პლატფორმებიდან, ასევე BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა „ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის – თითქოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი; თითქოს სამართალდამცველებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს, როდესაც შეკრების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ; მტკიცებისთვის, თითქოს „ოცნების“ ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია; თითქოს ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა შეკრებების დაშლის გადაწყვეტილებებში“.
BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, რომლის ნამდვილობაც დაადასტურეს.
დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ქიმიური სითხე, კოდით – UN1710, რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.
BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა. ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.
სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ 6 დეკემბერს ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ 2024 წლის წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.
მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.
ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.