„ოცნებამ“ დაჩქარებული წესით დაიწყო ჩანაცვლებით თერაპიასა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ინიციატივის განხილვა

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილავს ნარკოტიკურლი საშუალებების შესახებ კანონში ცვლილებებს.

25 ივნისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გადაწყვიტეს, „სრულად აკრძალონ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ“, ასევე „აიკრძალება, არასამედიცინო, ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ“.

შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში მომზადდა და მას რიგგარეშე სხდომაზე ხვალ, 2 ივლისს მიიღებენ.

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილება

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ მოქმედ კანონში უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტირების მსურველთა განცხადებებს იღებს და ასევე იღებს ვალდებულებას, არ დაუშვას ფარმაცევტული იმპორტიერების მონოპოლიზაცია.

ცვლილების მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საბითუმო რეალიზაციის უფლება ექნება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ან სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის უფლება ექნება მხოლოდ სახელმწიფოს; ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის უფლება მიანიჭოს სხვა იურიდიულ პირს.

კანონპროექტით, ოპიოიდური ჩანაცვლებით მკურნალობაზე უფლებამოსილი იქნება მხოლოდ სახელმწიფო. ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობა განხორციელდება მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტითა და კანონმდებლობით.

„ჯანდაცვის მინისტრის აზრით, შესაძლებელია, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის კანონი, რომელიც ეხება ჩანაცვლებით თერაპიას, უკვე 15 აგვისტოდან ამოქმედდეს, ხოლო მედიკამენტების, ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტირება ქვეყანაში დაიწყოს 1 ოქტომბრიდან“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ზაზა ლომინაძემ.

მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულებაში. ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 21 ფილიალი, მათ შორის 2 პენიტენციურ დაწესებულებებში.

ქვეყანაში ასევე მოქმედებს სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპია [მოიხსენიებენ ასევე ბუპრენორფინის პროგრამადაც. სუბოქსონი – ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინირებული პრეპარატია], რომელიც ხელმისაწვდომია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამკურნალო დაწესებულებებში.

სუბოქსონის სახელმწიფო პროგრამით ამ დროისთვის სარგებლობს 377 ბენეფიციარი; კერძო სამკურნალო დაწესებულებებში პაციენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.