„ოცნებამ“ გორში, კასპში და გურჯაანში შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა

პუბლიკა

1 ოქტომბერს გორში და კასპში მაჟორიტარობის, გურჯაანში კი მერის შუალედური არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები წარადგინა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატურა გიორგი სოსიაშვილი იქნება.

გურჯაანში მერობის კანდიდატურა კი გიორგი მაჭავარიანი იქნება.

„გიორგი სოსიაშვილი დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა. მოგვიანებით, მან დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ისტორიის სპეციალობით. ბატონი გიორგი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. გიორგი სოსიაშვილს აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. წლების მანძილზე, ის ეწეოდა წარმატებულ ჟურნალისტურ, პედაგოგიურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და პუბლიცისტურ საქმიანობას. დღემდე ის გახლავთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სიით. გიორგი სოსიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, აგრეთვე მრავალი პროზაული კრებული და პუბლიცისტური სტატია. ბატონი გიორგი არის ოცამდე ჯილდოს მფლობელი, მათ შორის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი.

გიორგი მაჭავარიანი დაიბადა ქალაქ გურჯაანში. 1996 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გიორგი მაჭავარიანს აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 6 წლის მანძილზე, ის იკავებდა სააქციო საზოგადოება გურჯაანგაზის დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი არის შპს სოკარ ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი“, – განაცხადა კობახიძემ.