„ოცნებამ“ I მოსმენით მიიღო პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.

კანონპროექტი დაჩქარებულად განიხილება და მას საბოლოოდ ხვალ, 16 ოქტომბერს მიიღებენ.

კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, მის მიერ აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:

  • პარტიის დაფუძნება,
  • პოლიტიკური პარტიის წევრობა,
  • პარტიის აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელობა/წევრობა,
  • სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობის და კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება
  • არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება].

რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს.

პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.

რამდენი ხნით აეკრძალებათ პირებს პოლიტიკური საქმიანობა – ინიციატორების თქმით, კანონში ასეთი ვადა არ განისაზღვრება.

„ქვეყნის ღალატზე ხელმომწერი ადამიანი არის, წარსულშიც იყო და იქნება მოღალატე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ვინ არის „პარტიასთან დაკავშირებული პირი“

კანონპროექტის წარმდგენმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ასეთ პირებს შორის „ოცნებამ“ შეიძლება დაასახელოს არა მხოლოდ კონკრეტული პარტიების წევრები, არამედ ის პირებიც, რომელთა საქმიანობაც, გორდულაძის თქმით, თანხვედრაშია პარტიის მიზნებთან.

„შესაძლებელია, საერთოდ არ იყვნენ პარტიის წევრები, პარტიული ბილეთი ჯიბეში არ ედოთ, მაგრამ საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ…

…[სარჩელში] რა თქმა უნდა, იქნება დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რომელი პირი რა მოქმედებაში იყო ჩართული და რანაირად უწყობდა ხელს კონკრეტული პარტიის ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების მიღება ყოველი კონკრეტული პირის შემთხვევაში და არა კრებითად…“, – განაცხადა გორდულაძემ.

ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. საჯარო განცხადებებით ცნობილია, რომ სარჩელს საფუძვლად უნდა დაედოს თეა წულუკიანის კომისიის დასკვნაც. „ოცნების“ წევრების თქმით, სარჩელის ტექსტი თითქმის დასრულებულია და მასში დასაბუთებულად აისახება ის „დანაშაულები“, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ქვეყნის წინაშე სჩადის. ამ კონტექსტში ახსენებენ 4 ოქტომბრის მოვლენებსაც.

სარჩელის წარდგენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტული პარტიების კონსტიტუციურობასა და პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე იმსჯელებს.

რა საფუძვლით შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვა

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის საქმიანობა  კონსტიტუციის 23-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 23) განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
  • ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას,
  • აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

13 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).