„ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლითაც დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის ფორმები ეზღუდებათ.
პაკეტს დაჩქარებულად განიხილავენ და საბოლოოდ ხვალ, 16 ოქტომბერს მიიღებენ.
ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:
- სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
- თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
- მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
- ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:
- ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
- თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;
უალტერნატივოდ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები დაარღევენ შემდეგს:
- იქონიებენ ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს;
- იქონიებენ ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
- მონაწილეობენ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
- სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
- იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაიწჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
დღეს მოქმედი ნორმით:
პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა − ჯარიმდება 2 000-დან 5 000 ლარამდე ოდენობით ან იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას, 60 დღემდე ვადით.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ამ ორი ნაწილის განმეორებით ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს – „ოცნების” ახალი კანონპროექტით, განმეორების შემდეგ კიდევ ერთხელ აქ ჩამოთვლილი ნაწილების დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და:
- დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
- ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.