„ოცნებამ“ III მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვანის დანაშაულში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს

პუბლიკა

82 მომხრე, 0 წინააღმდეგი – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სრულწლოვანის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.

„ოცნების“ პარლამენტმა რიგგარეშე სხდომებზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა.

ცვლილებების მიხედვით, დამამძიმებელი გარემოება ხდება წინასწარი შეცნობით, სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანააღმსრულებლის სახით მონაწილეობა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება.

„გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს იმის რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის – ბავშვების გამოყენება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ცვლილებების მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია – ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ვადა არ უნდა იყოს „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ამავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

კანონპროექტის მიხედვით, დამატებულ დამამძიმებელ გარემოებებზეც განისაზღვრება, რომ სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.