„ოცნებამ“ III მოსმენით მიიღო მართვის უფლებასთან დაკავშირებული ინიციატივა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს თანმდევ პროექტებთან ერთად.

ინიციატივის მიხედვით, მართვის მოწმობას დაუბრუნებენ პირებს, რომლებსაც ის 16 დეკემბრამდე ჩამოერთვათ. ეს აქტი ერთჯერადი იქნება. ამავე დროს, უქმდება მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა.

იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 16 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1 იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.

ჩამორთმეული მართვის მოწმობების დაბრუნება 2026 წლის 1 თებერვლამდეა გათვალისწინებული. სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ცვლილებებით, უქმდება კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს.

ამ დრომდე მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა, მართვის უფლება ვადაზე ადრე აღედგინა, თუ ის ხელახლა ჩააბარებდა გამოცდას ან გადაიხდიდა კონკრეტულ თანხას ჩადენილი სამართალდარღვევის შესაბამისად. ასევე, ჰქონდა უფლება, აღედგინა მართვის მოწმობა, თუ ნებაყოფლობით აანაზღაურებდა დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს და გასული იყო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევარი, ჩააბარებდა გამოცდას და გადაიხდიდა გარკვეულ თანხას.

ამ შესაძლებლობების გაუქმება განმარტებით ბარათში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევებია დასახელებული, რომლებიც „სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს“.