„ოცნებამ“ კრიტიკულ მედიებს „დეზინფორმაცია, მანიპულაცია და ზიზღის ენა“ დაუთვალა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე მედიამონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერდება ხელისუფლების მისამართით დეზინფორმაციის და ზიზღის კამპანია. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების ჯგუფმა შეისწავლა ამ მხრივ მედიაში არსებული გარემო, „რათა გამოევლინა ინფორმაციის ცალმხრივი, დაუბალანსებელი და მანიპულაციური გაშუქება“.

მისივე ინფორმაციით, ანგარიშში გაანალიზებულია 2021 წლის 1-12 სექტემბრის მონაკვეთში სამი მედიასაშუალება – „მთავარი“ „TV პირველი“, „ფორმულა“ – მათი საინფორმაციო პოლიტიკა საინფორმაციო საშუალებებისა და ტოკშოუების მაგალითზე.

„ძირითადი მიგნებებია, როგორც წესი, ხდება ხელისუფლების მიმართ დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაციის დომინირება, გადაუმოწმებელი ფაქტებისა და ინფორმაციის ტირეჟირება, ბრალდების ტირაჟირება ისეთი ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც თავად არიან თემასთან მიმართებით მხარე. საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად მოსაზრებები წარმოდგენილია ფაქტებად, რიგ თემებთან მიმართებით თავად რეპორტაჟიდანვე ჩანს, რომ რეალური სურათი სხვაგვარია, თუმცა გაშუქების ხაზი მაინც არ იცვლება, განსაკუთრებით აქტუალურია პრემიერ- მინისტრისა და დედაქალაქის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის დისკრედიტაციის მცდელობები, მათ შორის აღნიშნული პერსონები არიან სიძულვილის და ზიზღის ენის ობიექტები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ანგარიშის მომზადებისას შემუშავდა თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდოლოგია, შინაარსობრივი ანალიზი განხორციელდა ისეთ კრიტერიუმებზე დაკვირვებით როგორიცაა მაგალითად – წყაროთა სიცხადე, წყაროთა ნეიტრალურობა. საინფორმაციო გამოშვებების შინაარსობრივი ანალიზისას კი რეპორტაჟები შემდეგი კატეგორიით დაიყო – დეზინფორმაცია, ზიზღის ენა, მანიპულაციური შინაარსის შემცველი სიუჟეტები.

პაპუაშვილმა განაცხადა რომ უფრო სრული და დეტალური ინფორმაცია ანგარიშის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება და გავრცელდება.