„ოცნებამ" კვორუმი მესამედ ჩააგდო | სასამართლოზე დროებით საგამოძიებო კომისიას კენჭი ისევ ვერ უყარეს

პუბლიკა

სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი მესამედ ვერ უყარეს. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობაა, რომელიც უმრავლესობამ დღეს ისევ ჩააგდო. მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი ამ ჟესტით სოლიდარობას უცხადებენ მოსამართლეებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობას.


6 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია სასამართლო „კლანზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.