უმრავლესობამ მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრის წინაშე ხდება ანგარიშვალდებული.
უქმდება იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭო, რომელიც პროფესიული წრეებით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანო იყო.
საბჭოს უფლებამოსილების ნაწილს სამსახურის დირექტორი შეითავსებს, ნაწილს კი – მთავრობა.
სამსახურის დირექტორს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. მოქმედი კანონით, დირექტორს საბჭო ირჩევს.
მესამე მოსმენით მიღებული დოკუმენტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
მიღებული კანონით, სამსახური ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს პრემიერს.
როდის შედის კანონი ძალაში?
კანონის ძირითადი ნაწილი 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.
სამსახურის მოქმედ დირექტორს და საბჭოს უფლებამოსილება სწორედ პირველ მაისს შეუწყდება. მოქმედი დირექტორი 3 თვის ხელფასს კომპენსაციად მიიღებს.
რა არის იურიდიული დახმარების სამსახური?
იურიდიული დახმარების სამსახური არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავად გადაიხადოს ადვოკატის მომსახურება სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში.
სამსახურში მუშაობენ საზოგადოებრივი ადვოკატები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან განცხადებებისა და საჩივრების მომზადებაში, იცავენ მათ უფლებებს, შესაბამის ხარჯებს კი სახელმწიფო ანაზღაურებს.