„ოცნებამ“ მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება

პუბლიკა

„ოცნებამ“ სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.

ცვლილება მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნასთან, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასა და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.

„მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კონსულტაციის შემდეგ შევიდა კანონპროექტში, არის ის, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

აღნიშნული პირები იმავე სახელფასო განაკვეთით ისარგებლებენ, რაც მათ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანამდე ჰქონდათ.

მათიკაშვილისვე თქმით, რეორგანიზაცია არ იწვევს ავტომატურად რაიმე ფორმით სამსახურებრივი ურთიერთობის პირდაპირ შეწყვეტას. კონკურსი, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ გამოცხადდება, იქნება განმსაზღვრელი იმისა, ამ კონკურსის შედეგად ვინ დარჩება თანამშრომლად.

სოციალურ ქსელში ნინო კაპანაძე, სამართლის (LL.M), საჯარო სამართლისა და საჯარო მმართველობის მაგისტრი წერს, რომ საჯარო სამსახურის კანონში ცვლილება „უარესზე უარესია“.

„საჯარო სამსახურის კანონში ცვლილების პროექტი გადაამუშავეს კომიტეტის მეორე მოსმენაზე. მივიღეთ უარესზე უარესი:

– პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები გახდებიან. ანუ, დეპარტამენტების უფროსები და მათი მოადგილეები აღარ იქნებიან მოხელეები (ავტომატურად ჩაითვლებიან ხელშეკრულებით დასაქმებულებად). შედეგად, მათი უფლებამოსილების ვადა მიბმული იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ხელმძღვანელის ვადაზე (ეს სსიპ-ებზეც გავრცელდება).

– მოხელისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება აღარ განიხილება რეორგანიზაციად, პირიც ავტომატურად აღარ გათავისუფლდებაო, მაგრამ კონკურსი მაინც გამოცხადდებაო. აზრი?

– არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში მოხელეს დაუკავდება სარგოს 20% მომდევნო შეფასების დაწყებამდე (დაახლოებით 5 თვე გამოდის);

– შეფასება შესაძლებელი იქნება 6 თვეში ერთხელ (1 წლის ნაცვლად);

– მოხელის შეფასების გადახედვა 1 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი (პირველ ვარიანტში 3 თვე ჰქონდათ);

– რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრება ამ პროცესს არ შეაჩერებს“, – წერს სოციალურ ქსელში ნინო კაპანაძე, სამართლის (LL.M), საჯარო სამართლის და საჯარო მმართველობის მაგისტრი.

„ძვირფასო საჯარო მოხელეებო, დღეს მიღებული ცვლილებების თანახმად:

– თუ თქვენს უფროსს თვალში არ მოუხვალთ და არადამაკმაყოფილებლად შეგაფასებთ, ამით შემდეგი (სულ მცირე) 6 თვის ხელფასის 20% დაგიკავდებათ;

– თქვენს უფროსს თქვენი ნახევარი წლის ხელფასის 20%-ის დაკავება ყოველ 6 თვეში ერთხელ შეეძლება;

– თუ აქამდე რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის დროს გაშვებულები სასამართლოს გზით განაცდურს მაინც იღებდნენ, აწი ეს ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება ძვირფასო ქვედა და საშუალო რგოლის მენეჯერებო:

– თქვენ აღარ ჩაითვლებით მუდმივი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოხელეებად, თქვენი ხელშეკრულება იქნება ადმინისტრაციული;

– მინისტრის, მერის, ან ზოგადად დაწესებულების ხელმძღვანელის გადადგომა/გათავისუფლება თქვენს გათავისუფლებასაც გამოიწვევს;

– უმარტივესი ხდება თქვენი დაქვეითება ან გათავისუფლება. ჰო, ხელფასის 20%-ის დაკავება თქვენზეც ვრცელდება“, – წერს იურისტი საბა ბრაჭველი.

გარდა ამისა, საიას შეფასებით, ცვლილებებით სუსტდება საჯარო მოხელეების უფლებების დაცვის მექანიზმები და იზრდება საჯარო სამსახურის პოლიტიზაციის რისკი.

„კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად მოხელეს შეეძლო თანამდებობის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა. ახალი ცვლილებებით ეს უფლება გაუქმებულია.

რეორგანიზაციის საფუძვლად ემატება სტრუქტურულ ერთეულში ფუნქციების ცვლილება ან ახალი ფუნქციების დამატება. რეორგანიზაციისას თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1 თვით ადრე აცნობებენ, ხოლო ახალი კადრების შერჩევა კონკურსის გზით ხდება.

სასამართლო კონტროლი კონკურსის შედეგებზე შესუსტებულია. კერძოდ, სასამართლოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გათავისუფლებული პირი ვერ აღდგება თანამდებობაზე და იღებს მხოლოდ განაცდურს/სამთვიან კომპენსაციას.

დაწესებულების ხელმძღვანელს ენიჭება უფლება, შეცვალოს შეფასებები, რაც პოლიტიზაციის საფრთხეს ზრდის. ცვლილებები ხელს უწყობს საჯარო მოხელეებზე უკვე არსებული წნეხის გაძლიერებას და უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტებას“, – აცხადებს საია.

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ძალაში შესასვლელად ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ოპოზიცია და იურისტთა უმრავლესობა, „ოცნების“ პარლამენტის კანონიერებას და ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

სალომე ზურაბიშვილმა უკვე გააკრიტიკა „ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები.