„ოცნებამ“ მხარი არ დაგვიჭირა დაწყებულიყო პროექტის განხილვა საკრებულოების გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებაზე - ბუჩუკური

პუბლიკა

„დადებითი დასკვნის მიუხედავად, ბიუროს სხდომაზე „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ჩვენს მოთხოვნას, რომ დაწყებულიყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც საკრებულოების გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას ითვალისწინებს“-  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

ბუჩუკური ამბობს, რომ 10 დეკემბერს, პარტიამ „საქართველოსთვის” წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკავშირდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანას და მიზნად ისახავდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოების აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას.

მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო და მოთხოვნილი ჰქონდათ, ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება.

„კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის ბიურო ჩვენი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბუნებრივია, რეგლამენტის სრული დაცვით წარვადგინეთ ბარათში წერილობითი დასაბუთება, თუ რატომ ვითხოვდით ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მოგახსენებთ, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ სწორედ ახლა მიმდინარეობს საკრებულოების თანამდებობების პირთა არჩევა/დანიშვნის პროცესები, სამწუხაროდ, არსებულ ფარულობის წესს „ოცნება” იყენებს ბოროტად და ამ წესის გამოყენებით მიმდინარეობს საკრებულოების წევრთა ხმების უხეშად რომ ვთქვათ – ყიდვა/გაყიდვის პროცესი. შესაბამისად, პრინციპულად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი კანონპროექტი განხილულიყო დაჩქარებული წესით”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ და „ოცნების“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს პარტია „საქართველოსთვის” მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი სრულად აკმაყოფილებდა პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, მათ შორის დაჩქარებული წესით განხილვის დასაბუთების ნაწილში.

„საბოლოო ჯამში, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათთვის კონსტიტუცია და ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის მათი ერთგვარი ჯიბის წიგნაკში ჩაწერილი ნაჯღაბნი, რომლის გადახაზვა და გადმოხაზვა შეუძლიათ. მაგრამ, არა ბატონებო, ჩვენ არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გააგრძელოთ, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობის მონოპოლიზების მცდელობა და ბუნებრივია, ყოველდღიურად გავაგრძელებთ ჩვენი გუნდი ყველა ბერკეტის გამოყენებას, მათ შორის, რაც გვაქვს მონიჭებული საქართველოს კონსტიტუციით და რაც გვაქვს მონიჭებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ბოლოს, რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხებზე ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ წარმომადგენლებთან, იმისთვის, რომ ეს ტრიბუნა, რაც ჩვენ ხალხმა მოგვცა და მოგვანიჭა მანდატი, გამოყენებული იყოს მოქალაქეების ინტერესებისთვის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის, რასაც ახლა „ოცნება“ აკეთებს”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.