„ქართულმა ოცნებამ“ აუდიტის სამსახურს პარტიის 2019 წლის ფინანსური ანგარიში წარუდგინდა. ანგარიშის სხვადასხვა დანართში მოცემულია, თუ როგორ დახარჯა პარტიამ თანხა და რაში.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა თანხა დახარჯა პარტიამ 2019 წელს სატრანსპორტო საშუალებების იჯარისა და ღონისძიებების გასამართავად.
ღონისძიებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იჯარისთვის გაწეული ხარჯის რაოდენობა განსაკუთრებით საინტერესო 2019 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ მიერ თბილისსა და საქართველოს მასშტაბით გამართული ორკვირიანი ღონისძიების გამოა. ყველა მასშტაბური ღონისძიება 14 დეკემბერს გაიმართა თბილისში, სადაც რეგიონებიდან ადამიანები მასობრივად ჩამოიყვანეს.
„ქართული ოცნების“ ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ავტოსანტრანსპორტო საშუალებების იჯარასა და ღონისძიებებში პარტიამ 693 823 ლარი დახარჯა.
„პუბლიკა“ „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირდა, რათა წარმოდგენილ ანგარიშში კონკრეტულად ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად არჩევისთვის გამართულ ღონისძიებებში დახარჯული ხარჯი დაედგინა.
„ქართული ოცნების” ინფორმაციით, ევროსბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევისთვის გამართულ ღონისძიებებზე, რომელიც დეკემბერში გაიმართა, პარტიამ ჯამში 593 968 ლარი დახარჯა. კონკრეტულად, 14 დეკემბერს თბილისში გამართული მასშტაბური ღონისძიება კი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, პარტიას 448 954 ლარი დაუჯდა.
2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ წლის განმავლობაში 800 მეტი ავტოსანტრანსპორტო საშუალება იქირავა. დაქირავებული ავტოსანტრანპსორტო საშუალებების სია იხილეთ ამ ბმულზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეესტრში.
ფინანსურ ანგარიშში, რომელიც აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული, მითითებული არაა, კონკრეტულად რომელი ღონისძიებისთვის და რა პერიოდში დაიქირავეს აღნიშნული ავტოსანტრანსპროტო საშუალებები. აუდიტის სამსახურში განგვიცხადეს, რომ პარტიას კანონით არ აქვს ვალდებულება, აუდიტის სამსახურში წარადგინოს ღონისძიებების შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია.