„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ნარკოდანაშაულის კანონპროექტს.
„ოცნება“ ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ მუხლებს ამკაცრებს.
მიდგომა მკაცრდება არა მხოლოდ ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისთვის, არამედ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართაც.
იზრდება ჯარიმის ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა მცირე ოდენობით ნარკოტიკის ფლობის ან მოხმარების შემთხვევაში. ნარკოტესტირებაზე ორჯერ თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. მკაცრდება მიდგომა სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევის კუთხითაც. გაწერილია ნორმები „ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობაზე“.
კანონპროექტში გამოყენებულია მასტიგმატიზებელი ტერმინი – „ნარკომანია“, რომელსაც რედაქცია ემიჯნება.
ადიქტოლოგთა ასოციაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციირებულ კანონპროექტს დესტრუქციულ რეფორმად აფასებს, ეხმაურება „სავალდებულო მკურნალობას“ და აღნიშნავს:
„რეფორმის ავტორები მკურნალობის თვალსაზრისით გამოსავალს მკურნალობის იძულებაში ხედავენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინიციატივა ეფუძნება მოძველებულ და მახინჯ პრაქტიკებს, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიიდან მოდის, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და თანამედროვე სამედიცინო ეთიკას. ასეთი მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფო კვლავ ხელს უწყობს სტიგმის გაღრმავებას და არა ზიანის შემცირებას.
სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, ეფექტური და მდგრადი შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა იყოს დაფუძნებული პაციენტის ნებაზე, ნდობასა და მოტივაციაზე – და არა კონტროლსა და რეპრესიაზე“, – აღნიშნავს ასოციაცია.