„ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო პარტიების აკრძალვის პაკეტი

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პარტიის აკრძალვა შეეძლება, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის არსს/მიზანს.

ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში შედის.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის  მიხედვით, საკონსტიტუციოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
  • ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას
  • აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს
  • ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

ვიზირებული პროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას)“.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებით, სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუმეტეს 9 თვეში უნდა მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეში.

14 აპრილს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მდინარაძის თქმით, მზად არიან, „აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გაიმარჯვონ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოამზადონ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში“.