„ოცნებამ“ საბოლოოდ მიიღო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებები.

ცვლილებებს მხარი „ოცნების“ 84-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ იყო.

კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით:

  • ზუსტდება ცილისწამების განმარტება;
  • კანონის შინაარსობრივი რეგულირება გავრცელდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე;
  • სასამართლოში ცილისწამების საქმეზე მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე;
  • კანონს ექნება 100-დღიანი უკუძალა, რაც ნიშნავს, რომ ის რეგულაციის ამოქმედებამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებზეც გავრცელდება.
  • უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ;
  • უქმდება კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის;
  • პროფესიული საიდუმლოების/წყაროს გამხელაზე უარი, შესაძლოა, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს;
  • გამოხატვის თავისუფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით;
  • იცვლება ცილისწამებით მიღებული ზიანის ანაზღაურების წესი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ უარყოფა ან შესწორება არაა საკმარისი, მოპასუხეს, შესაძლოა, დაეკისროს ქონებრივი/არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
  • ცილისწამების დავებს სასამართლო შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს. ცილისწამების დავაზე მორიგებისთვის 10 დღე განისაზღვრება.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ კანონი, რომელშიც ცვლილებები შედის, არის ე.წ. „ბოკერია-რამიშვილის კანონი“, რომლითაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს შორის ბალანსი დარღვეული იყო.

„ქართული ოცნების” პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და 2 დღეში მიიღო.