„ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ყურაშვილის დიპლომატიური კარიერა 30 წელს ითვლის:
„ირაკლი ყურაშვილი 2023-2025 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, 2017-2022 წლებში – არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო 2012-2017 წლებში – შვეიცარიის კონფედერაციაში. 2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს. ირაკლი ყურაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“ – აღნიშნულია განცხადებაში.
2024 წლის მაისში საფრანგეთში საქართველოს მაშინდელმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ის გარემო და განწყობა, რომელიც რუსული კანონის გამო უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, „უკიდურესად ართულებს“ საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.