150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებიც დააკომპლექტა.
პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. მის თავმჯდომარეობას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გიორგი ვოლსკი აირჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
80 წევრით დაკომპლექტდა ფრაქცია „ქართული ოცნება“. ფრაქციაში არ გაერთიანდნენ „ხალხის ძალის“ დეპუტატები. ფრაქციისა და საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდა. საპარლამენტო უმრავლესობაში „ოცნების“ სიიდან 89 დეპუტატია.
მდინარაძის მოადგილეები გახდნენ: რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე.
სწორედ „ქართული ოცნების“ ფრაქციის კანდიდატურა იყო შალვა პაპუაშვილი, რომელიც სხდომის თავმჯდომარეს, ლადო კახაძეს მამუკა მდინარაძემ წერილობით წარუდგინა.
განაწილდა კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტებიც.
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გელა სამხარაული
- ადამიანის უფლებათა კომიტეტი – რატი იონათამიშვილი
- განათლების კომიტეტი – გივი მიქანაძე
- გარემოს დაცვის კომიტეტი – მაია ბითაძე
- დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი – შოთა ბერეკაშვილი
- დიასპორის კომიტეტი – ირაკლი ზარქუა
- ევროინტეგრაციის კომიტეტი – ლევან მახაშვილი
- თავდაცვის კომიტეტი – ალექსანდრე ტაბატაძე
- იურიდიული კომიტეტი – თავდაპირველად კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს გიორგი კახიანი. მას შემდეგ, რაც ანრი ოხანაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი და დავით სონღულაშვილი მანდატებს დატოვებენ და პარლამენტში მათი ადგილმონაცვლეები შევლენ, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახიანს არჩილ გორდულაძე შეცვლის.
- კულტურის კომიტეტი – გიორგი გაბუნია
- რეგიონულ საკითხთა კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი
- საგარეო კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტი – დავით მათიკაშვილი
- საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი – პაატა კვიჟინაძე
- სპორტის კომიტეტი – ვიქტორ სანიკიძე
- ჯანდაცვის კომიტეტი – ზაზა ლომინაძე.
XI მოწვევის პარლამენტმა დღეს 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
ამას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და ოპოზიციონერი დეპუტატები ასაჩივრებენ.
კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას, ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.