„ოცნებამ“ შეიძლება რამე ფანდი გაათამაშოს - ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პუბლიკა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მისი ფრაქციიდან ექვსივე დეპუტატი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ჩვენი ფრაქციიდან 6 დეპუტატი ცალსახად ვაცხადებთ, რომ ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს. ორი დამნაშავე ეყოლება თუ ჩავარდა საკონსტიტციოა ცვლილება – „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“, რომელიც მონაწილეობას არ იღებს კენჭისყრაში და „ქართული ოცნება“, რომელმაც შეიძლება რამე ფანდი გაათამშოს და თქვას, რომ ვიღაცას ფეხი ეტკინა და ვერ მოვიდა. ძალიან მიჯნაზე ვართ რაოდენობრივი თვალსაზრსით”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

აღნიშნული ცვლილებები კონსტიტუციაში ჯერ არ ასახულა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში უკვე გაიმართა. დღეს კი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა გაიმართება. 21 ივნისს კი  ჩანიშნულია რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, რომელზეც ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მანამ, სანამ მათი თქმით, 8 მარტის შეთანხმების თანახმად, არ გათავისუფლდება გიორგი რურუა.