„ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები წარადგინა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცენების“ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები წარადგინა.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში უნდა გაიმართოს, ხოლო მერების შუალედური არჩევნები – ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.

„ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას.

„პირველ რიგში, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის გამარჯვებაში.

თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რის გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინეს. დღემდე ლევან ზალკალიანი იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას.

მმართველმა პარტიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად კი მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურა წარადგინა. ირაკლი კობახიძემ წარმატებები უსურვა კანდიდატებს.