დღეს „ქართულმა ოცნებამ” პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. სიტყვით გამოსვლის დროს კობახიძემ თქვა, რომ პარტია რამდენიმე კვირაში ოფიციალურად დაიწყებს საარჩევნო კამპანიას და „სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის”.
„ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთისა და საკუთარი სამშობლოს მიმართ.
მეორე მხრივ, გამთლიანებაში ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. გვჯერა, რომ მშვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით, აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად, ერთიანობას და ამით, ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ, ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოზე”, – თქვა კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს.
სხდომაზევე, „ოცნების” წევრებმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს. ახალ შემადგენლობაში შედიან:
- ბიძინა ივანიშვილი;
- ირაკლი კობახიძე;
- კახა კალაძე;
- შალვა პაპუაშვილი;
- მამუკა მდინარაძე;
- გიორგი ვოლსკი;
- თეა წულუკიანი;
- ვახტანგ გომელაური;
- ირაკლი ჩიქოვანი;
- მაკა ბოჭორიშვილი;
- ნიკოლოზ სამხარაძე;
- მარიამ ქვრივიშვილი;
- დიმიტრი სამხარაძე;
- სულხან თამაზაშვილი;
- ნინო წილოსანი.
დღეს „ქართული ოცნების“ წევრები ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შეიკრიბნენ – ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.