„ოცნებამ“ უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლებაზე კანონპროექტის განხილვა დაიწყო

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი არის ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.

სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესს 1 სექტემბრამდე განათლების სამინისტრო დაამტკიცებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება მათზე, ვინც უნივერსიტეტში 1 აგვისტომდე ჩაირიცხა.

მუხლი, რომელიც სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის სავალდებულო წესით გავლას ითვალისწინებს, ძალაში შევა 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ „2003 წელს რევოლუციის გზით მოსული არაეროვნული ხელისუფლება“ ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული ენის წინააღმდეგ „დანაშაულებრივ ღონისძიებებს“ სჩადიოდა, ენაზე და იდენტობაზე „მიზანმიმართული შეტევა შეწყდა 2012 წელს ქართული ოცნების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.“

„ბოლო ათწლეულებში ხშირია საუბარი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა სტუდენტებში ძალიან დაბალია. ამას ადასტურებს როგორც შიდა, ასევე გარე კვლევები. ეს აისახა კიდეც 2021 წელს დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ენის სტრატეგიაში“. ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ,,წიგნიერების დაბალი დონე და ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენის პრაქტიკული კურსის არარსებობა (გარდა პროფილური ფაკულტეტებისა) უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებში ვერ უზრუნველყოფს აბიტურიენტობის პერიოდში შეძენილი ცოდნის განმტკიცებასა და განვითარებას“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი განათლების კომიტეტზე განიხილეს.

ამ კანონის მიღების მზაობა „ოცნების“ წევრებმა 14 აპრილს გამოთქვეს. სწორედ ამ დღეს განიხილა კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც შალვა პაპუაშვილს ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტომა და განყოფილების ხელმძღვანელმა მიმართეს.