საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი შეუწყო თამარ ჟვანიას გადადგომას. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ როგორც ვერ დაიცვა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ასევე ვერ დაიცვა ცესკოს თავმჯდომარე.
„წინასაარჩევნოდ თამარ ჟვანიას გადადგომას შევაფასებ შემდეგნაირად – მე ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური. ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, რაც როგორც ვერ დაიცვა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას“, – განაცხადა გახარიამ გორში, სადაც პარტიის ოფისი გახსნა და საარჩევნო კამპანიის დაწყება გამოაცხადა.
თამარ ჟვანიამ გადადგომის შესახებ განცხადება 30 ივნისს სოციალურ ქსელში გაავრცელა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მის გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვდნენ. დატოვოს ჟვანიამ ცესკო – ეს იყო ოპოზიციის ერთ-ერთი პუნქტი მოლაპარაკებების დროს, თუმცა პოლიტიკური პარტიები ისე შეთანხმდნენ, უშუალოდ ეს პუნქტი დოკუმენტში არ ჩაწერილა. გაიწერა საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს მოიცავს.
თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ამოწურვამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა თავისი გადადგომა ახალი საარჩევნო კოდექსით ახსნა.