„ოცნებას“ გრანტების კანონში მორიგი ცვლილებები შეაქვს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
„ოცნების“ უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას თქმით, სხდომაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, მომავალ სესიაზე სამუშაო კანონპროექტებზე იმსჯელეს. ერთ-ერთია „გრანტების შესახებ“ კანონი.
„ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე… ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რამე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის პოლიტიკური… ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფო იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა თანხა მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ შეუძლია მიიღოს… წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ან სხვა ფორმით… თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას მთავრობის თანხმობა დასჭირდება…
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას – ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით“ – თქვა კირცხალიამ.
მისივე თქმით, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში – გრანტების კანონის წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა:
ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ფულის გათეთრების მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება – საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით. გამოიწვევს პატიმრობას 9-დან 12 წლამდე.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას – ეს გამოიწვევს 6 წლამდე პატიმრობას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.
დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.
„სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე“, – განაცხადა კირცხალიამ.
პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. ცვლილება შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში.
„კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
„განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ – ჩანაცვლდება ტერმინით – „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მისი ეფექტიანობის ზრდას.
კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტზე.
უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა კირცხალიამ.
საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება და მომზადებული კანონპროექტების განხილვა დაიწყება. ირაკლი კირცხალიას თქმით, კანონპროექტებს დაჩქარებული წესით არ განიხილავენ.