„ოცნებასა" და „მოქალაქეებს" შორის შეთანხმების შესრულებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტია „მოქალაქეებთან“ ერთად ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმებაა ჩამოყალიბებული. მისივე თქმით, დოკუმენტი ასევე ეხება საარჩევნო ბარიერის თემას, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად განაგრძობენ დიალოგის პროცესს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად პარლამენტს კიდევ შეუერთდეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

„ჩვენ, როგორც სახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში განვაცხადეთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ, საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში და ჩვენ გაუმჯობესებული კანონმდებლობით, გაუმჯობესებული საარჩენო გარემოში შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარება.

ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების მხარდაჭერით. ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან”, რაც დღეს დასრულდა პოზიციური შედეგით – ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, რომელშიც ჩვენი პირობა და ჩვენი პასუხისმგებლობა – რომ საქართველოს პარლამენტში გავატარებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო /ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით – გაფორმდა დოკუმენტში. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს პარტია „მოქალაქეებმა” და ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც, მათთვის, ვინც გადალახეს ბარიერი და მიიღეს მანდატი საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, დოკუმენტში, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, ასახულია „ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან იყო, პრაქტიკულად, შეთანხმებული”. მისი თქმით, კონკრეტულად ეს საკითხები ეხება:

  • საარჩევნო ადმინისტრაციას;
  • საარჩევნო პროცედურებს;
  • საარჩევნო ბარიერსა და პროპორციების განაწილებას თვითმმართველობის არჩევნებზე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – ვინაიდან ბარიერის საკითხს სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორ უზრუნველყოფთ ამ ცვლილებების მიღებას, თალაკვაძე ამბობს, რომ გაგრძელდება დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან:

„ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებას, პოლიტიკურ დიალოგს ოპოზიციასთან და ველით, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსებიც შემოუერთდებიან საპარლამენტო პროცესს. რაც შეეხება შეთანხმების იმ ნაწილს, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ ერთად, საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას საიმისოდ, რომ შემოუერთდეს პროცესს მინიმუმ იმდენი წარმომადგენელი ოპოზიციდან, რამდენიც იქნება საკმარისი ამ ცვლილებისთვის”, – განაცხადა თალაკვაძემ.