„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატად დასახელდა, ამბობს, რომ შეეცდება, მის გარშემო საპარლამენტო პარტიების კონსესუსი შედგეს.
იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რომ მან მის მიმართ განწყობები იცის და „ოცნებასა“ და ენმ-ში არიან დეპუტატები, რომლებიც მას მხარს დაუჭერენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი პარლამენტში ჩემს მიმართ პოლიტიკოსების განწყობები, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების, შევეცდები, რომ კონსენსუსური ფიგურა გავხდე ყველა პარტიის და რაღაცნაირად მხარდაჭერა მოვიპოვო. იმიტომ კი არა, რომ იდეა ფიქსი მაქვს, რომ ომბუდსმენი გავხდე, თუმცა კი ძალიან საპატიო თანამდებობაა თავისთავად იმიტომ, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც არის გასაღები ჩვენთვის.
„ქართულ ოცნებაში“ ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის ბევრი ადამიანი, ვისაც პირადად ჩემთვის უთქვამს, რომ ისინი მხარს დამიჭერდნენ, მე რომ ვყოფილიყავი კანდიდატი. ვინც მხარს მიჭერს, ასეთი ადამიანი ერთგანაც და მეორეგანაც, არაა ცოტა. გარდა ამისა დამოუკიდებელი კანდიდატები დღეს საჯაროდ გამოვიდნენ და გააკეთეს განცხადება და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, ვინც უკვე დამიჭირა მხარი“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გუნდში იოსელიანის კანდიდატურაზე იმსჯელებენ. იოსელიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ. მისი კანდიდატურა არ მოსწონს გიორგი ვაშაძეს.