„ოცნების“ 10 წლის იუბილე, შემაჯამებელი განცხადება და „მადლობა ბიძინა ივანიშვილს“

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობის 10 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

„2012 წლიდან დღემდე, „ქართულმა ოცნებამ“ ცხრაჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობის მანდატი.

როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა ჩვენი პარტია, ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში – ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია და ადამიანის უფლებები.

… 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 225 ათასით შემცირდა; ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა, 30 ათასი ადამიანი კი დევნილად აქცია; შეჩერებული იყო საქართველოს წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, “- ნათქვამია განცხადებაში.

მათი შეფასებით, სწორედ ამ „უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში“ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა.

„აღიკვეთა ადამიანის უფლებების ხელყოფის, ადამიანის ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო 12-ჯერ მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. პირველივე წლებში 11-ჯერ შემცირდა საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მაღალი ხარისხით არის უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. აღიკვეთა არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა და არჩევითი ორგანოები მოსახლეობის ნების შესაბამისად ფორმირდება. მაღალი სტანდარტით არის დაცული ეკონომიკური თავისუფლება და საკუთრების უფლება. ქვეყანას აქვს ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს.

სასამართლო, პროკურატურა და შსს აღარ გამოიყენება რეპრესიულ მექანიზმად, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ დასტურდება. სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ – საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ – გირაოს თანხის საერთო ოდენობა, “- ამბობენ მმართველ პარტიაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მადლობას უხდიან ბიძინა ივანიშვილს და არ დაიშურებენ ბრძოლას ქვეყნის საკეთილდღეოდ.