მხოლოდ „ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად დისკუსია პრემიერობის კანდიდატზე - ბუაძე

პუბლიკა

მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.

„ვაფასებთ მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს, რომელსაც პრეზიდენტი თამაშობს ევროინტეგრაციის საკითხის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანების საკითხში. მასთან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ, თუმცა, არჩევნებამდე მთავარი ამოცანაა „ქართული ოცნების“ დამარცხება, ჩვენი ყურადღება მიმართულია, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხისგან მივიღოთ ნდობის მანდატი, ყველა ძალა, რომელიც ხალხისგან ნდობის მანდატს მივიღებთ, ცხადია ქარტიის ფარგლებში გავაგრძელებთ დისკუსიას პრემიერობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბუაძემ.

გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი განაცხადა, რომ აპირებს წარადგინოს ტექნიკური მთავრობა და ის მიიჩნევს, რომ ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ დროა პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად ბოლომდე არიან „ქართული ქარტიის“ არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი არამედ მისი თითოეული სიტყვის.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ გუშინვე გამოეხმაურა  პრეზიდენტის  განცხადებას და პასუხად ამბობენ, რომ კოალიცია ამ ინიციატივას მხარს უჭერს.

ინიციატივას გამოეხმაურა ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც. ის ამბობს, რომ კოალიცია „ქართული ქარტიის ერთგულია.“