„ოცნების” დაქირავებული მოძალადეები თავს დაესხნენ ჩვენს წევრს - „დროა"

პუბლიკა

პარტია „დროას” განცხადებით, მათ წევრს, მარიამ სიჭინავას ზუგდიდში თავს დაესხნენ. პარტიის ცნობით, სიჭინავა თავდასხმის დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

„2 ივნისს, „ქართული ოცნების” დაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია „დროას” წევრს, მარიამ სიჭინავას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მარიამი ამბობს, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა. ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი ვიცით. თითოეული თქვენგანი მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის ღალატისთვის! არა რუსულ რეჟიმს”, – აღნიშნავენ პარტიაში.

რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო კვირების განმავლობაში აქციის მონაწილეების მიმართ ხორციელდებოდა მუქარისა და დაშინების ქმედებები. ოპოზიციურად განწყობილ არაერთ მოქალაქეს უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ მათი, ასევე, მათი ოჯახის წევრების მისამართით როგორც სიტყვიერად, ასევე, ფიზიკური ანგარიშსწორებით.

აქციის რამდენიმე აქტიურ მონაწილეს უცნობი პირები დახვდნენ სახლებთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან, შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სახლის სადარბაზოებსა და ოფისებთან. რამდენიმე დღის წინ კი უცნობმა პირებმა დაარბიეს „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი.