„ოცნების” დეპუტატები აბუ-დაბიში მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პუბლიკა

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც გუშინ, აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, დღეს, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ „ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მას ფიზიკურად უსწორდებიან.

გაბიტაშვილი Facebook LIVE-ში საუბრობს მომხდარის შესახებ. როგორც ის აღწერს, თავად მეუღლესთან ერთად სასტუმროში საუზმობდა, როცა ზარქუა და სანიკიძე მიცვივდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ვარაუდობს, რომ დღევანდელი თავდასხმა გუშინ მის მიერ გავრცელებული ვიდეოების პასუხია.

„საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში მარტო ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, ვიჯექი ჩემთვის და ზარქუამ, ალბათ, გუშინდელმა ვიდეოებმა და მთელმა ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის და პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ამან ვერ მოითმინა და ალბათ, საკალათბურთო მთელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა, მერე ყველამ აიგდო, რომ გამწარებულები, გაგიჟებულები იყვნენ, მომვარდნენ. ამას ხომ ველოდი, ვიცი, ჩვეულებრივი ამბავი, პატარა კაცების ამბავია. არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს ყველაფერს მივყვებით მშვიდად, არც ვნერვიულობ, არაფერი დამშავებია…“ – თქვა გაბიტაშვილმა.

ინტერნეტში ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს როგორ იწყებენ „ოცნების“ წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თავდასხმას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე, რომელიც სასტუმროში ცოლთან ერთად საუზმობდა.

ლაშა გაბიტაშვილმა გუშინ აბუ დაბიში პროტესტი გამოხატა „ოცნების“ წევრების მიმართ, მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს „გამყიდველები, მონები და მოღალატეები” უწოდა.

გუშინ, 12 იანვარს, ლაშა გაბიტაშვილი ირაკლი ზარქუასთან მივიდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც აქციაზე არაერთი დემონსტრანტი დააკავეს. როგორც ვიდეოში ჩანს ირაკლი ზარქუა კითხვას არ პასუხობს და კამერას თავიდან იშორებს. როგორც კადრები ჩანს, ამის შემდგომ იწყება აღნიშნული სიტყვიერი დაპირისპირება.

გავრცელებულ ვიდეოებს გუშინვე გამოეხმაურა ირაკლი ზარქუა და მან მომხდარს „პროვოკატორების მიერ დადგმული სპექტაკლი“ უწოდა. 

„მოკლედ მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში .. მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ ,უფრო სწორედ „გაიჩალიჩა” ასე უფრო მართებული იქნება ამის თქმა თავს დაგვადგა საუზმის დროს, მობილურ მომარჯვებული( ასეთ ვიდეოებში ფულს იღებენ მერე ეს გადედლებული პროვოკატორები) და სანამ პროვოკაციას მოაწყობდა მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან და შემდეგ პოლიცია პოლიციის ყვირილით გავარდა მისაღებში და ამით ამოიწურა დილის ინციდენტი…“,- დაწერა ზარქუამ.

გაბიტაშვილი ამბობს, რომ გამოძახებულია პოლიცია და ელოდება შესაბამის პროცედურებს. „ოცნების“ წევრებს მომხდარის შესახებ დღეს, 13 იანვარს, ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.