„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი წინასწარ აცხადებს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ გრანტებს ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიას ორგანიზაციები ვერ მიიღებენ.
„როდესაც კონკრეტული დონორი ორგანიზაცია მიმართავს მთავრობას ამა თუ იმ გრანტის გაცემასთან დაკავშირებით, თუ მთავრობას დაარწმუნებს იმაში, რომ ეს საქმეს წაადგება, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება კარგი, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მთავრობის მხრიდან ვიზირება.
ხოლო თუ ამაში ვერ დაარწმუნებს და ჩვენ დავინახავთ იმის ნიშნებს, რომ ეს ფული უნდა მოხმარდეს ლომჯარიას, გიგაურს, ქალბატონ პატარაიას და ა.შ. იმისთვის, რომ კიდევ მორიგი რევოლუციური სცენარი მოაწყონ, რა თქმა უნდა, ამაზე ვიზირება არ იქნება და თუ მაინც გასცემს დონორი ორგანიზაცია ქალბატონ ლომჯარიაზე ამ თანხას, ქალბატონი ლომჯარია დაჯარიმდება ამ თანხის ორმაგი ოდენობით.
[…] ჩვენთვის არასასურველ ორგანიზაციებს, კოლექტიურ გიგაურებს და კოლექტიურ ლომჯარიებს, რომლებიც მხოლოდ დაკავებულები არიან ძირის გამომთხრელი სამუშაოებით ქვეყანაში და რევოლუციური სცენარის მოწყობით, კი ბატონო, ისინი არასასურველი არიან და ესეთ ორგანიზაციებს არ უნდა მიეცეთ საშუალება იმისა, რომ დააფინანსონ რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მაჭავარიანმა მედიასთან.
„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იწყებს „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას. კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესს დაარეგულირებს. ცვლილების მიხედვით, გრანტის გაცემას მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.