„ოცნების" დეპუტატი პრემიერს: არანაკლები ხალხის გზავნილი მინდა გადმოგცეთ - დაასრულეთ კოჰაბიტაცია !

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერს უსმენენ, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვა. თავის გამოსვლაში უმრავლესობის წევრმა 20 ივნისის აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული მომავალი 4 მილიონი ქართველის სურვილია.

„ბატონო ირაკლი, მე თქვენთან გზავნილები მაქვს. ხალხის სახელით რომ ილაპარაკო, ხალთან ყოველდღიური კომუნიკაცია უნდა გქონდეს. ევროპულ ოჯახში გაერთიანება 100 ათასი და 180 ათასი კაცის კი არა, 4 მილიონი ადამიანის სურვილია და ზუსტად ვიცით, რომ ეს მალე მოხდება იმიტომ, რომ ეს სურვილი არც დღეს დაბადებულა და არც ამ საუკუნეში.

ქართველი ხალხის ძალიან დიდი ნაწილი 85% ამაზე ოცნებობდა, ბევრი ადამიანი იდგა იმ აქციაზე და ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი იყო, რომელიც გავიდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ეს სურვილი დაედასტურებინა, მაგრამ არანაკლები ხალხის გზავნილი მინდა გითხრათ – დაასრულეთ კოჰაბიტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ესენი ასე უზრდელურად გააგრძელებენ ამ ქვეყნის მავნებლობას. ეს არის მართლა ხალხის სურვილი და გადმოგცემთ ამ გზავნილს“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.