მასალა განახლებულია
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
მათივე ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა მარიამ ქვრივიშვილს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აზერბაიჯანში ვიზიტი შეაფასა, როგორც მჭიდრო თანამშრომლობის მაჩვენებელი.
მარიამ ქვრივიშვილმა კი განაცხადა, რომ მისთვის სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრა პატივია და ხაზი გაუსვა, რომ ილჰამ ალიევი გლობალური ლიდერია და მას საქართველოში მეგობრად იღებენ.
მედიის ინფორმაციით, ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს „ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოკითხვა გადასცა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ალიევმა „კმაყოფილებით” გაიხსენა ირაკლი კობახიძის პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და „აღნიშნა, რომ ეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და ძმობის მაგალითი იყო“.
„ორმხრივ ურთიერთობებს ფართო დღის წესრიგი აქვს, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. შეხვედრაზე თქვეს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში დამყარებული თანამშრომლობა და ერთობლივად განხორციელებული პროექტები სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ ფართო რეგიონისთვისაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ხაზი გაესვა სავაჭრო ბრუნვის გაზრდის დიდი პოტენციალის არსებობას და მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.
მოგვიანებით შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების” ეკონომიკის სამინისტრომ. ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებზე.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული კაბელი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც დასკვნით ფაზაშია, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაზრდას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული ტურისტული ბაზარია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.