„ოცნების“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა. უწყების ცნობით, ის ენერგეტიკის სექტორს უხელმძღვანელებს. „ინგა ფხალაძეს ენერგეტიკისა და ეკოლოგიის სექტორებში მენეჯერულ და ექსპერტულ პოზიციაზე საქმიანობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს. ის თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და სხვ.

სხვადასხვა წლებში ინგა ფხალაძე თანამშრომლობდა საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, დონორულ ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან.

2022 წლიდან დღემდე ინგა ფხალაძე იყო „შემნახველი ბატარეების სისტემის და მწვანე წყალბადის სექტორის განვითარების პროგრამის“ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებდა.

ინგა ფხალაძეს კვიპროსის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტში პროექტების მენეჯმენტის ბაკალავრის, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებში მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.