„ქართული ოცნების“ განათლების სამინისტროს ცნობით, ალექსანდრე წულაძემ 16 აპრილს „სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარუდგინა და ინიციატივები მათთან ერთად განიხილა“.
უწყების თანახმად, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.
„ოცნების“ სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ახალი ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა: სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებაზე; სასკოლო გარემოს განვითარებასა და გაჯანსაღების უზრუნველყოფაზე.
ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეებს განუვითარდეთ ყველა ის საჭირო უნარი და კომპეტენცია, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას.
სამინისტრო ასევე წერს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა STEAM მიმართულების გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას ყველა საფეხურზე, სკოლების აღჭურვას საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, STEAM კლუბების, ოლიმპიადებისა და კონკურსების მხარდაჭერას.
უწყება ამბობს, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოში არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერების მიმართულებით.
პრესრელიზში წერია, რომ ხედვის თანახმად, ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას. ამასთან, აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. ჰუმანიტარული განათლების ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში პატრიოტულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს.
ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ასევე, მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე, რაც პროცესს მეტად გამჭვირვალესა და ინკლუზიურს გახდის.
რაც შეეხება მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სქემის შექმნაზე, რომელიც საზოგადოებას ზაფხულში წარედგინება.