„ოცნების“ ღონისძიების გამო თავისუფლების მოედნიდან ცხოველები მუნიციპალურ თაშესაფარში გადაიყვანეს

პუბლიკა

„პროექტი ცხოველებისთვის“ თანადამფუძნებელი მარიამ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სასტუმრო „ქორთიარდის“ წინ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსაფარი ძაღლები მანქანაში ჩასხა და წაიყვანა.

„ქორთიარდის წინ თქვენმა სამსახურმა „ოცნების“ აქციის წინ მოხიკა მიუსაფარი ძაღლები, ჩატენა მანქანაში და წაიყვანა. ხოდა იქნებ აგვიხსნათ რა პროტოკოლია? სად აჩერებთ და როდის აბრუნებთ? როგორ უზრუნველყოფთ რომ თქვენ ბანძ თავშესაფარში ჭირს არ აიკიდებენ? თუ ცხოველებზე და მათ სტრესზე ზრუნავთ 20 ოქტომბერს რატომ არ იზრუნეთ და წაიყვანეთ? ან ცრემლსადენი გაზის დროს სად იყავით?? ჩვენ რომ ვასულიერებდით ძაღლებს“, – წერს მარიამ ცერცვაძე.

„მთელი რუსთაველი და თავისუფლება გაასუფთავეს ქუჩის ძაღლებისგან“ – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე, ტონი ვაჭარაძე და „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ფოტოსაც ავრცელებს.

მარიამ ცერცვაძის პოსტის კომენტარებში „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ წერს, რომ თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ბინადარი ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს. მიზეზი „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე მოსალოდნელი ხალხმრავლობა და ხმაურია.

„დიახ, თავისუფლების მოედნიდან მუნიციპალურ თაშესაფარში გადაყვანილია რამდენიმე აქ ბინადარი ცუგა, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება. ხალხმრავლობამ და ხმაურმა შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაბნეულობა, დააფრთხოს ისინი, ან შესაძლოა მოხდეს დაკბენა და სხვა. ამიტომ, მათსავე უსაფრთხოების მიზნით, ისინი თავშესაფარში სრულად იზოლირებულ სივრცეში ერთად იმყოფებიან და დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ უკან დაბრუნდებიან“, – წერია მათ პასუხში.

დღეს, 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი წინასაარჩევნო ღონისძიება იმართება.