„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
ზოდელავა აქამდე „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
„თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად“, – წერს სამინისტრო განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაინიშნება „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელად.
„ქართული ოცნების” პარლამენტმა 2025 წლის 20 თებერვალს მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლითაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნა.
პარალელურად „ოცნებამ” მიიღო რამდენიმე კანონი, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ზღუდავს. მათ შორის, რუსული კანონი – ანუ „გამჭვირვალობის კანონი”, ე.წ FARA და ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში – ამ უკანასკნელის თანახმად, მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების გაცემა იკრძალება.
„ოცნების“ ანტიდასავლური, კონსპირაციული ნარატივის მიხედვით, უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები დამფინანსებელი დონორების გავლენის ქვეშ ექცევიან და, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მათ ინტერესს ატარებენ.