„ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ თანამდებობა მან 10 თებერვალს დატოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

ღვინიანიძე პოსტს 2022 წლიდან იკავებდა. უწყებაში მიზეზებთან დაკავშირებით არ საუბრობენ.

მოგვიანებით ერეკლე ღვინიანიძემ დაწერა, რომ პოსტი პირადი მიზეზებიდან გამომდინარე დატოვა და წარმატება უსურვა ანრი ოხანაშვილს

„მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს, თანამდებობა იუსტიციის მინისტრთან გარკვეულ საკითხებთან არსებული უთანხმოების გამო დავტოვე. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე და ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს. მრავალ წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და ქართული ოცნების ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი. ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის ჩვენ კიდევ ბევრ ქმედით და წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ“.